ისტორიის თანახმად, რუსეთის ერთერთი ყველაზე ცნობილი იმპერატრიცის ეკატერინე II დიდის 1763 წლის 22 ივლისის მანიფესტის მიხედვით უცხოელებს, ვისაც სურვილი ჰქონდა რუსეთში ეცხოვრა, მიეცათ ნებართვა და თავისუფლება საკუთარი სურვილის მიხედვით აერჩიათ იმპერიის რომელ კუთხეში დასახლებულიყვნენ. ეს ისტორიული ფაქტი განპირობებული იყო, ერთის მხრივ, ცხოვრების რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში და, მეორეს მხრივ,  რუსეთის სურვილით ამ გზით მიეღწია მოსახლეობის ზრდისა და ეკონომიკური გაძლიერებისათვის.


1803 წელს ეკატერინე დიდის მანიფესტი ხელმეორედ გამოსცა იმპერატორმა ალექსანდრე I-მა. მანიფესტი და შემდგომი ბრძანებები ითვალისწინებდა არა მხოლოდ დასახლების უფლებას უცხოელებისთვის, არამედ განსაკუთრებულ მფარველობასა და მთელ რიგ შეღავათებს მათთვის, რომელთა შორის უმთავრესი იყო აღმსარებლობის თავისუფლება, სამხედრო ვალდებულებისგან და 5-30 წლით გადასახადებისგან გათავისუფლება და ა. შ.


ევროპულ გაზეთებსა და სხვა გამოცემებში გამოქვეყნებულმა ამ ცნობებმა წარმოუდგენლად დიდი ინტერესი გამოიწვია ადგილობრივ მოსახლეობაში, პუბლიცისტ შლეცერის სიტყვებით ეს იყო — «das Laufen und Rennen nach Russland» («ნამდვილი გაქცევა რუსეთში»).
იმიგრანტთა ყველაზე დიდი ნაკადი სამხრეთ-დასავლეთ გერმანიის ოლქებიდან გადასახლდა რუსეთის იმპერიაში.


კათარზისის შენობის ისტორია 1910 წელს იწყება; მისი პროექტის ავტორი იმ დროის ერთერთი ცნობილი არქიტექტორი ალექსანდრე ოზეროვია (1849-1922 წწ.), რომელსაც 1879-85 წლებში თბილისის საქალაქო მმართველობაში ქალაქის არქიტექტორის თანამდებობა ეკავა. ალექსანდრე ოზეროვის ნამუშევრებიდან აღსანიშნავია შემდეგი არქიტექტურული შედევრები: ა. ჭავჭავაძის სახლი წინანდალში (1886-87 წწ.), აბანოთუბნის რეკონსტრუქცია (1880 წ.), ქალთა მე-3 გიმნაზია ასათიანის (ყოფილი ბებუთოვის) ქუჩაზე (1905 წ.), თბილისის ფოსტამტი აღმაშენებლის (ყოფილი მიხეილის) გამზირზე (1910 წ.), პალას ოტელი რუსთაველის (ყოფილი გოლოვინის) გამზირზე (1914 წ.) და მრავალი სხვა.


მაშინდელ მიხეილის გამზირზე მდებარე ეს ლამაზი შენობა ცნობილი გერმანული ოჯახის ფორერების (Vohrer) საკუთრება იყო. ძმები ფორერების (Gebrüder Vohrer) სახელით ცნობილი კომპანია ერთერთი უდიდესი იყო არა მარტო კავკასიაში, არამედ მთლიანად რუსეთის იმპერიაში. ფორერები ფლობდნენ ღვინის, კონიაკისა და ლუდის მსხვილ საწარმოებს, წისქვილებსა და ცხენების სანაშენე მეურნეობებს. ფორერების სავაჭრო სახლს ფილიალები და მაღაზიები ჰქონდა როგორც მთლიანად კავკასიაში, ასევე, პეტერბურგში, მოსკოვში და იმპერიის სხვა დიდ ქალაქებში. გარდა ამისა, შავი ზღვის პორტების საშუალებით ფორერების ღვინოები და კონიაკები დასავლეთ ევროპის ქვეყნებშიც იგზავნებოდა. 1894 წლიდან საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობისას ფორერების ღვინოებს მრავალი გრან-პრი და ოქროს მედალი ჰქონდათ მოპოვებული ლონდონში (1897 წ.), ჰამბურგში (1898 წ.), მაგდებურგში, (1899 წ.), პარიზში (1900 წ.) და სხვა.




ქალაქის ისტორიული უბნების ბოლოდრინდელი მასშტაბური რეკონსტრუქციისა და განახლების შედეგად კათარზისის 2200 კვ.მ. საერთო ფართის მქონე სამსართულიანი შენობა არა მხოლოდ სრულად იყო რეაბილიტირებული, არამედ მან, ასევე, დამატებით შეიძინა ფრანგული ტიპის მანსარდი, სადაც კათარზისის კიდევ ერთი ახალი ობიექტის, ჰოსპისის მოწყობა განიხილება უახლოეს წლებში.




კათარზისის შენობა ერთერთია იმ ულამაზეს ნაგებობებს შორის, რომელიც დავით აღამაშენებლის გამზირზე მდებარეობს; ქალაქის ეს ძველი უბანი ყოფილი ნოი ტიფლისია (Neu Tiflis), ერთერთი კავკასიაში მე-19 საუკუნის დასაწყისში დაფუძნებული 9 გერმანული დასახლებიდან და, რომლის უმეტესი ნაწილიც, გერმანელი კომერსანტის ფრიდრიხ ვეტცელის დაკვეთით თბილისში მოღვაწე გერმანელი არქიტექტორის ლეოპოლდ ბილფელდის (1839-1922 წწ.) მიერ არის აშენებული 1880-90-იან წლებში.